შაბათი, 2024-11-23, 6:22 PM
ყველაფერი თქვენთვის!

თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები" | RSS

 

საიტის მენიუ
საძიებო სიტყვა
კატეგორიები
თამაშები 
ფილმები ქართულად 
კლიპები 
სასაცილო 
საინტერესო 
სურათები 
სპორტი 
ელ-წიგნები 
პროგრამები
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონს საიტი?
სულ პასუხი: 2539
საათი
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 18 » მილიონერი სპორტსმენები
10:28 PM
მილიონერი სპორტსმენები
ბოლო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როცა ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდას, რომარიოს, სახლი აუქციონზე გაუყიდეს. მისი პენტჰაუზი რიო-დე-ჟანეიროს პრესტიჟულ უბანში მდებარეობდა და იაფიც არ ღირდა, თუმცა რომარიომ იგი სისულელით დაკარგა. მან სარემონტო სამუშაოები წამოიწყო, რის გამოც მეზობლებს სახლები დაუზიანა. მათ კი იჩივლეს და გაირკვა, რომ საერთო ზარალმა სამ მილიონ დოლარს გადააჭარბა. ფეხბურთელმა ამ თანხის გადახდაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ ფული არ ჰქონდა და აუქციონიც შედგა. მართალია, სახლი ოთხ-ნახევარ მილიონად გაიყიდა, მაგრამ რომარიოს მაინც არაფერი ერგო, რამეთუ თავი ერთ-ერთმა ბანკმაც წამოჰყო და დაადასტურა, რომ ბრაზილიელს მისი ვალიც ემართა. ასე დარჩა უფულოდ და უსახლკაროდ რომარიო რემონტის გამო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სარემონტო სამუშაოები თავად ფეხბურთელმა დაგეგმა, სახლის გადაკეთების გეგმაც თავად შეადგინა და არ უფიქრია, რომ ამით მეზობლებს დააზარალებდა.

რას წარმოიდგენდა ფრენკ ლამპარდი, რომ ერთ არცთუ მშვენიერ დღეს მას ცოლი კარისკენ მიუთითებდა. არადა, შარშან სწორედ ასე მოხდა – ქალმა პირდაპირ განუცხადა, აღარ მიყვარხარ, შენ გვერდით ცხოვრება არ შემიძლია და კეთილი ინებე, დავშორდეთო. ფრენკმაც, როგორც ნამდვილმა ჯენტლმენმა, ცოლს და ორ შვილს სახლი დაუტოვა, თავად კი ცალკე გადავიდა. სახლიც არის და სახლიც – ლონდონის „ჩელსის" ლიდერის საცხოვრებელი ოთხ მილიონად არის შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ამ ქონებას სამუდამოდ დაემშვიდობა, რადგან მერე გაირკვა, რომ ყველაფერი ცოლზე ჰქონია გაფორმებული. მისი მეგობრები ამბობენ, ლამპარდს ცოლი ისე უყვარდა, დარწმუნებული იყო, მთელი ცხოვრება მის გვერდით იქნებოდაო.

ცოლებმა პრაქტიკულად ნულზე დასვეს გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მათეუსი, თუმცა, თუ იგი დამნაშავის ძებნას დაიწყებს, სარკეში ჩახედვა და საკუთარი თავის დანახვა მოუწევს. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდგომ, მათეუსმა ცოლთან სამწლიანი თანაცხოვრებაც დაასრულა და ვიღაც ქალს გაეკიდა აფრიკაში. მალე ის აფრიკელიც ცოლად შეირთო და ამ ნაბიჯით კმაყოფილებამ მხოლოდ ექვს თვეს გასტანა, მერე კი ზანგ ქალს ორი მილიონი დოლარი და ავტომობილი გააყოლა. მესამე ცოლი ლოთარმა უნგრეთში იპოვა, სადაც ამ ნაკრების მწვრთნელად მიიწვიეს. მას ფედერაციაში მდივანი მოეწონა და დაუფიქრებლად იქორწინა. მორიგი ექვსი თვე, მორიგი მილიონები და… მათეუსი ბედის საძიებლად ისრაელში წავიდა, სადაც უკრაინელი სტუდენტი გოგონა გაიცნო და, რაღა თქმა უნდა, ცოლად მოიყვანა. ახლა მათი სასამართლო მიმდინარეობს და მიზეზი ღალატია. უკრაინელი ქალბატონი ალიმენტის გარდა მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს და თუ სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, გერმანელი მწვრთნელი პრაქტიკულად ქუჩაში და უფულოდ აღმოჩნდება.

იტალიელი მოტომრბოლელი ვალენტინო როსი 2000 წლიდან მოყოლებული, გადასახადებს არ იხდიდა. მას საგადასახადო სამსახურმა „ჩაავლო" და შარშან 40 მილიონ ევრომდე გადახდა დააკისრა: ამ თანხის მეოთხედი საგადასახადოს ჯარიმაა, დანარჩენი კი როსიმ, უბრალოდ, დამალა.

„ვიცი, დანაშაული ჩავიდინე და ამისთვის უნდა დავისაჯო, მაგრამ დამატებით ათი მილიონის გადახდა არამართებულად მიმაჩნია, განაცხადა როსიმ და გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდა. მილიონერი როსი იტალიაში ძალიან დიდ მიწებს ფლობს და გადასახადის ეს ოდენობაც ამიტომ დაუგროვდა.

კიდევ ერთი მოკრივე, ასევე მსოფლიოს ექსჩემპიონი, ევანდერ ჰოლიფილდი, დიდების ზენიტში ყოფნისას დიდი მექალთანე იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას ოთხი ცოლი ჰყავდა და ოთხივე ღალატის გამო დაშორდა, ანუ, მას მინიმუმ რვა ქალთან ჰქონდა საკმაოდ ახლო ურთიერთობა და საბოლოო ჯამში, თორმეტი შვილი „მოუგროვდა". ცოლებმა ალიმენტი მოითხოვეს, კანონიერმა თუ უკანონო შვილებმაც კუთვნილის მიღება სასამართლოს გზით გადაწყვიტეს და, საბოლოოდ, თითქმის სამასი მილიონი დოლარის მფლობელი ჰოლიფილდი დაჭერის პირასაა. მას ალიმენტის გადაუხდელობა ედება ბრალად და ამას თავისი მიზეზებიც აქვს. თორმეტი შვილი და თითოეულზე თვეში სამი ათასი დოლარი – ეს ალიმენტისთვის დიდი თანხაა, მაგრამ მოსამართლემ ვეტერანი მოკრივის შესაძლებლობები გაითვალისწინა და, არათუ ყოველთვიური ალიმენტის გადახდა დააკისრა, შვილების სწავლის ფულის გადახდაც ევანდერს დაადეს კისერზე. შვილებმა საუკეთესო კოლეჯები და უნივერსიტეტები მოითხოვეს, მერე ბინის ქირაობა, მერე ავტომობილები და… მუშტით ნაგროვები ქონება განიავდა. ახლა შვილები ისევ ითხოვენ ფულს, ჰოლიფილდს კი თანხა აღარ აქვს.

ინგლისელი პოლ გასკოინი უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ჯერ ფეხბურთელობის ჟამს აურია, მერე კი, როცა ლოთობის გამო კარიერა ნაადრევად დაასრულა, ქონების ფლანგვა სასმელებში დაიწყო. მერე ცოლს გაეყარა, სხვა შეირთო და მას ახალი სახლი უყიდა. როგორც კი სახლი თავისად დაიგულა, ცოლმა გასკოინი ქუჩაში გამოაგდო, რის შემდეგაც სასმელის ყიდვა მას მათხოვრობით ნაშოვნი ფულით უწევდა. საბოლოოდ ფეხბურთელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ უმკურნალა, მაგრამ სასმელის გარეშე მან რამდენიმე თვე გაძლო, მერე ისევ გალოთდა და სმის გამო ღვიძლი დაიავადმყოფა. ოპერაცია ბრიტანეთის ხელისუფლებამ დააფინანსა და მას მეორედ უმკურნალეს, მაგრამ გასკოინი არ გამოსწორდა – ისევ ლოთობს და, თვე არ გავა, ჩხუბისა და ხულიგნობის გამო, გაზეთის ფურცლებზე არ მოხვდეს.

ამ ინფორმაციის შემდეგ ისე არ გაიგოთ, რომ სპორტსმენები კარიერის დასრულების შემდგომ მშრალზე რჩებიან. პირიქით, მათი დიდი უმრავლესობა საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი და შეძლებული ადამიანია.
               
მიმაგრება:
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 610 | დაამატა: abashaa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2024Create a free website with uCoz